ეუთო-ში აშშ-ის ელჩი - საქართველოს სურს, იყოს ერთიანი, ჩვენ სწორედ ამას ვუჭერთ მხარს, რუსეთი უნდა წავიდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
ეუთო-ში აშშ-ის ელჩი - საქართველოს სურს, იყოს ერთიანი, ჩვენ სწორედ ამას ვუჭერთ მხარს, რუსეთი უნდა წავიდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

რუსეთი უბრალოდ უნდა წავიდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, – ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა, პროექტ „სასაზღვრო ზონაში“, ჟურნალისტ ეგორ კუროპტევთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, აქვთ დამოუკიდებელი საზღვრები და აღნიშნული საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა იცვლებოდეს.

„ახლა რაც ხდება, არის ის, რომ ეს ხალხი სეპარატისტები არიან. ეს ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაა. ძალისხმევა, რომ შეიქმნას გარკვეული სახის ყალბი საზღვარი, არ შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს ევროპაში. თუ ამ პრინციპებს არ იცავ, შესაძლოა, მთელი ევროპა დაიყოს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყანა დაიპყროს, ძირი გამოუთხარონ ერთმანეთს და ამის შედეგი იქნება პოტენციური საერთო კონფლიქტი ევროპაში. ასე რომ, აშშ რეალურად ინდივიდუალური ქვეყნების დამოუკიდებლობას ემხრობა“, – განაცხადა ელჩმა გილმორმა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, საქართველოს მოსახლეობას არ სურს, იყოს რუსული ქვეყნის ნაწილი და საკუთარი ქვეყანა სურთ, რაც მათ აძლევთ საშუალებას, იმოძრაონ დასავლეთის მიმართულებით და გახდნენ დასავლური საზოგადოების ნაწილი. ჯეიმს გილმორის განცხადებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლებს შეუძლიათ, კომფორტულად და თავისუფლად იცხოვრონ საქართველოს შემადგენლობაში და აშშ უპირობოდ დაუჭერს ამას მხარს. ამასთან, რუსეთს არ შეუძლია, მოვიდეს და მოახდინოს რეგიონების ოკუპაცია, დასვას მარიონეტული, სეპარატისტული რეჟიმები მთელი ევროპის დესტაბილიზაციის გარეშე.

ელჩი გილმორის თქმით, ამერიკას სურს, იხილოს სტაბილური ევროპა, სტაბილური კავკასია, ქართველი ხალხი კი, თავისუფალი და დამოუკიდებელი. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და რატომ არ არის გამოყენებული საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სანქციები უკრაინის მსგავსად, ჯეიმს გილმორმა უპასუხა, რომ ამ საკითხს ვაშინგტონში მეგობრებთან დააყენებს, რადგან აშშ მხარს არ უჭერს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი არ არის დაინტერესებული კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით და სურს, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანების მხარდაჭერა.

„აშშ-ის სურს უკეთესი ცხოვრება მთელი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობისთვის. ეს ნიშნავს, რომ უნდა იყვნენ ტურისტები, იყოს მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობა ერთობლივ პროექტებზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ქვეყნებს შორის კომუნიკაცია და საქართველო არ უნდა იყოს აქედან განცალკევებული. ამერიკას და ჩვენ პარტნიორებს შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა, საქართველოსთან მეგობრობა, ერთობლივი პროექტების შექმნა და ეს მთელი რეგიონისთვის კარგი იქნება“, – თქვა ჯეიმს გილმორმა.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ეუთო-ში საქართველოს საკითხი ძალიან ხშირად განიხილება და ჰელსინკის დასკვნითი აქტის თანახმად, საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს და მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს თავისი მომავალი, თუ რომელ ალიანსში სურს ყოფნა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ უნდა იყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი საქართველოს შემადგენლობაში, ელჩმა გილმორმა უპასუხა, რომ ეს რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში იყო მანამდე, ვიდრე იქ რუსეთის არმია არ შეიჭრა და სიტუაციაზე კონტროლი სეპარატისტების დახმარებით აიღო.

„ყველაფერი ძალიან მარტივია, რუსეთის არმია უბრალოდ უნდა წავიდეს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ნამდვილ რეფერენდუმზე საერთაშორისო ზედამხედველობით, რომ ქვეყნის მომავალზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული. საქართველოს სურს, იყოს ერთიანი ქვეყანა, სადაც ყველას ეპყრობიან სამართლიანად და პატიოსნად და ჩვენ სწორედ ამას ვუჭერთ მხარს. რუსეთის არმია უბრალოდ უნდა წავიდეს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი საქართველოს მომავალზე“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ჯეიმს გილმორის განცხადებით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა და ამ პროცესთან დაკავშირებული ფილოსოფია სახიფათოა, რადგან იგი თავის თავში მოიცავს მთელს ევროპაში რუსეთის სამხედრო გავლენის გავრცელების შესაძლებლობას.

ეუთო-ში აშშ-ის ელჩს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ მიიჩნევს ამერიკა, რომ საქართველოსა და უკრაინის დახმარებაა საჭირო მაშინ, როდესაც ხშირად ისმის, რომ ეს ხდება ამ ქვეყნების რუსეთთან ახლო გეოგრაფიის გამო, ჯეიმს გილმორმა უპასუხა, რომ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და მხარს უჭერს ყალბ საზღვრებს ამ ქვეყნების შიგნით და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს აშშ თავისუფალი ხალხის მისწრაფებებს.