ეუთო-ში აშშ-ის ელჩი - სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი
სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, – ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ეუთოში აშშ-ის ელჩმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ მოვითხოვთ, შეჩერდეს სტრუქტურების, ღობეების, ნიშნების ან ბარიერების მშენებლობა, რომლებიც გამიზნულია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების „ბორდერიზაციის“ გაძლიერების ან გაფართოებისთვის. ეს საქმიანობა წარმოადგენს მოსკოვის მცდელობებს, რომ დაიპყროს ქართული ტერიტორია“, – განაცხადა გილმორმა.
შეხვედრაზე ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ლუგარის ცენტრის ირგვლივ დაწყებულ უარყოფით საინფორმაციო კამპანიაზე და მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჯეიმს გილმორის განცხადებით, მოსკოვი საქართველოს კვლევით ინსტიტუტთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებს.
„მოსკოვის ყალბი ბრალდებები საბჭოზე განხილვას არ იმსახურებს“, – თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.