ეუთო-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა
ეუთო-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა

ეუთო-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისიის წინასწარი ანგარიში, ორგანიზაციის 57 ქვეყნიდან 45-ის თანხმობით დღეს გამოქვეყნდა.

მასში ნათქვამია, რომ მისიას არ შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა თავად შეჭრა ფართომასშტაბიანი ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია საერთაშორისო ნორმების მრავალი დადასტურებული დარღვევები.

„მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობები, ასევე ჟურნალისტების და ადგილობრივი ოფიციალური პირების გატაცება ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ნებისმიერი ასეთი ძალადობრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია ამ შემოჭრის ფარგლებში, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. ანგარიშში დაფიქსირებულია დარღვევები როგორც უკრაინული, ასევე რუსული მხარის მხრიდან. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დარღვევები უფრო სერიოზული ხასიათისა და მასშტაბისაა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ეუთო-მ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლა ორი გახმაურებული დანაშაულის, მარიუპოლის თეატრისა და სამშობიარო სახლის დაბომბვებიც.

„მისიამ დაასკვნა, რომ სამშობიარო სახლი განადგურდა რუსული ძალების თავდასხმის შედეგად. რუსული მხარის ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ თავდასხმა იყო მიზანმიმართული. არანაირი გაფრთხილება და ევაკუაციისთვის დრო არ იქნა მიცემული. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმა წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებელებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ბიბისის“ ცნობით, იგივე ეხება მარიუპოლში თეატრის დანგრევას, რომლის ქვეშა ასობით მცხოვრები იმალებოდა თავშესაფარში და რომლის მახლობლად შენობის ორივე მხარეს უზარმაზარი ასოებით იყო წარწერა – „ბავშვები“.

„რუსეთი აცხადებს, რომ თეატრი უკრაინულმა „აზოვის“ პოლკმა ააფეთქა. მისიამ ამის რაიმე მტკიცებულება ვერ იპოვა. ეს ინციდენტი, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას და მათ, ვინც გასცა და შეასრულა თეატრის აფეთქების ბრძანება, ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული“, – აღნიშნულია ანგარიშში.