ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულმა მიიღო განცხადება, რომელშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული
ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში, ორგანიზაციის თავმჯდომარეების ხუთეულმა მიიღო განცხადება, რომელშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული.
ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეული კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისამდი.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სიტუაციის გაუარესების გამო.
გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისამდი, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ფასილიტაციისადმი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მთავარი საერთაშორისო პლატფორმაა ამ მიმართულებით და ეუთო მზად არის, განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირსა და გაერო-სთან ერთად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნული განცხადების შესახებ ინფორმაციას ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულმა პოლიტიკურ განცხადებაში მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ“, – აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.