ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ორ თანამშრომელს თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ორ თანამშრომელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწე დმიტრი საბანოვი და თარჯიმანი მაქსიმ პეტროვი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს. ორივე მათგანი ლუგანსკში მუშაობდა.
ეუთო დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
„ჩვენი კოლეგები რჩებიან ეუთო-ს თანამშრომლებად და ასრულებდნენ ოფიციალურ მოვალეობებს ყველა, 57 წევრი სახელმწიფოს მანდატით. მოვუწოდებ მათ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ დაკავებულები ჩვენს სხვა კოლეგასთან ერთად, რომელიც ასევე დაკავებულია“, – განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ეუთო-ს რამდენიმე თანამშრომლის დაკავების შესახებ აპრილში გახდა ცნობილი.
ეუთო-მ 500-მდე უცხოელი თანამშრომლის ევაკუაცია უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან მალევე განახორციელა, თუმცა ადგილზე დარჩნენ მისიის უკრაინელი თანამშრომლები, რომელთაგან ბევრი მუშაობდა იმ ქალაქებში, რომლებიც რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმების სამიზნე აღმოჩნდა.
ეუთო-ს მისიამ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 2014 წელს დაიწყო, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. თუმცა, მისი მანდატის ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს ამოიწურა, რის შემდეგაც რუსეთმა ეუთო-ს დამკვირვებლები მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და მანდატის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა.