ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი - არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, დაცული იქნა ფუნდამენტური თავისუფლებები
არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, დაცული იქნა ფუნდამენტური თავისუფლებები, – ამის შესახებ ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა ელონა ჯებრეა ხოჯამ განაცხადა, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.
მისივე თქმით, არჩევნები „კოვიდ-19“-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტიანად ჩატარდა.
თუმცა, ელონა ჯებრეა ხოჯას განმარტებით, იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა, არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის, რაც ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა.
„მინდა, დავიწყო იმის აღნიშვნით, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მართლაც წვლილი შეიტანა, შექმნილიყო უნიკალური და ძალიან დიდი გამოწვევების კონტექსტი. არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნა, თუმცა იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ.
არჩევნები გაიმართა ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს მოცემულობით. არჩევნები ზოგადად ეფექტიანად იქნა განხორციელებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად. მაგრამ საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმომადგენლობამ მოახერხა უარყოფითი წარმოდგენა ადამიანების აღქმაზე, რამდენად მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად ხორციელდებოდა არჩევნები ყველა დონეზე“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, ელონა ჯებრეა ხოჯამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მოიწვია.
„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მოგვიწვია, რომ დავკვირვებოდით ამ არჩევნებს. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგვიწიეს დახმარება ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი სტუმართმოყვარეობისთვის.
კოვიდპანდემიამ ძალიან დიდი პრობლემა შექმნა ჩვენი თანადამკვირვებლებისთვის, ასევე ადგილობრივი პარტნიორებისთვის, რათა მათ ორგანიზება გაეწიათ ამ არჩევნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხის მიუხედავად, საქართველოში ხალხმა შეძლო, დიდი ოდენობით გამოცხადებულიყო საარჩევნო უბანზე და ხმა მიეცა.
მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ მასპინძლებს, რათა ისინი მუდმივად აკვირდებოდნენ, რომ დამკვირვებლები ყოველთვის ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ პანდემიის კონტექსტში. სამწუხაროდ, ჩემი კოლეგა, ქალბატონი პია კაომა, რომელიც იყო დელეგაციის ხელმღვანელი, დღეს ვერ ესწრება ამ პრესკონფერენციას“, – განაცხადა ელონა ჯებრეა ხოჯამ.