ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები - საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში
საქართველოში ოპოზიციის მხრიდან განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნებისა და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პოლიტიკური ჩიხი უნდა იყოს დაძლეული, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
„კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, 31 ოქტომბერს საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქე მივიდა საარჩევნო უბნებზე, რათა მათი ხმები იყოს გაგონილი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა მეტყველებდა ამ არჩევნების მნიშვნელობაზე და ყველა ქართველის ძლიერ დემოკრატიულ ვალდებულებაზე“, – განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, ელონა ჯებრეა ჰოჯამ.
ჰოჯამ ხაზი გაუსვა საჩივრების განხილვის ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას.
„ასეთი პროცესი მნიშვნელოვანია ბოლო წლებში განვითარებული საარჩევნო პროცესებისადმი ქართველი ამომრჩევლების ნდობის შესანარჩუნებლად. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულებულია, ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და გააგრძელოს თავისი მუშაობა ინსტიტუტების ფარგლებში“, – განაცხადა ჰოჯამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფინელმა პარლამენტარმა, პია კაუმამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.
„დამკვირვებლების დასკვნით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ჩატარებული ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ განახორციელა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები თავისი დემოკრატიის განვითარებისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, საპარლამენტო მმართველობის მოდელის გაუმჯობესებისა და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაწყების გზით“, – განაცხადა პია კაუმამ.
მან მოუწოდა ჩართულ მხარეებს, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის.
„მხარეებმა, რომლებიც ამჟამად აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ჩიხში, უნდა იპოვონ გამოსავალი გზა. მართალია, ამ ამოცანის სირთულე აშკარაა, თუმცა პოზიტიური შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ამერიკელმა კონგრესმენმა, რიჩარდ ჰადსონმა.
ჰადსონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს თავისი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი, მათ შორის მათი, ვინც ადგილზე შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს შეთანხმების მიღწევაში მხარეების დახმარების მცდელობით, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ შექმნილი ვითარების გადაწყვეტა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენა თავად ქართველებზეა დამოკიდებული.