ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - რუსეთმა დაკავებული მეზღვაურები უნდა გაათავისუფლოს და ხომალდები უკრაინას დაუბრუნოს
რუსეთმა დაკავებული ხომალდები უკრაინის ხელისუფლებას უნდა დაუბრუნოს და გაათავისუფლოს მეზღვაურები, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.
„უკრაინული ხომალდების დაკავება და ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ მოძრაობის დაბლოკვა ეუთო-ს ორ წევრ სახელმწიფოს შორის დაუშვებელი ესკალაციაა. აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ნაბიჯები, რომელსაც სამხედრო ესკალაციამდე მიყვანა შეუძლია“, – აღნიშნულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებაში.
25 ნოემბერს, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხომალდმა ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტისკენ მიმავალ უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, დაკავებულია 24 უკრაინელი სამხედრო, რომლებსაც რუსეთი საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. სამი უკრაინული ხომალდი კი ქერჩის პორტშია გადაყვანილი.