ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი - 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.
ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომლის თანახმადაც, საქართველოში ოპოზიციის მხრიდან განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნებისა და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პოლიტიკური ჩიხი უნდა იყოს დაძლეული, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა.
„დამკვირვებლების დასკვნით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ჩატარებული ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ განახორციელა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები თავისი დემოკრატიის განვითარებისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, საპარლამენტო მმართველობის მოდელის გაუმჯობესებისა და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაწყების გზით“, – განაცხადა პია კაუმამ.
მან მოუწოდა ჩართულ მხარეებს, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის.