ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი - დარწმუნებული ვარ, კახა კუჭავას ლიდერობით საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატის აქტიური და კონსტრუქციული ჩართულობით იმუშავებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს.
„თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიუთითებს თქვენს ფართო გამოცდილებაზე საკანონმდებლო და საკონსტიტუციო საკითხებში, ასევე, ადასტურებს იმ დიდ ნდობას, რომელიც თქვენს კოლეგებს ამ კრიტიკულ დროებაში თქვენ მიმართ აქვთ, რადგან თქვენი არჩევა ემთხვევა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების დაბრუნებას ევროკავშირის შუამავლობით მომზადებული შეთანხმების შესაბამისად“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მისალოც წერილში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ რობერტო მონტელა მიესალმება პარლამენტში არჩეულ პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებას.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობით, საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატის აქტიური და კონსტრუქციული ჩართულობით იმუშავებს. ამავდროულად, მსურს, ასამბლეის სახელით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენი აქტიური მუშაობისთვის, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელობის პერიოდში გასწიეთ. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მისი დელეგაცია ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი აქტორები არიან და ასამბლეის მუშაობაში მათი წვლილი უკვე წლებია, განსაკუთრებულად ფასდება. მწამს, რომ ჩვენ მომავალშიც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის კონსტრუქციულ ჩართულობას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში და მოველი თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ძვირფასო კახა, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენს ახალ, საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – აღნიშნულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მისალოც წერილში.
ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.