ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციაში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. დოკუმენტის თანახმად, ეუთო ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.
ვანკუვერში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეუთო გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის შედეგად; ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლასა და შეცვლას, როგორც რუსეთის მუდმივი ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგს.
გარდა ამისა, დეკლარაცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ სახლებში; ასევე, კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.
„ეუთო მოუწოდებს რუსეთს სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანისკენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
ვანკუვერში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია 30 ივნისიდან 4 ივლისამდე გრძელდებოდა. წლიური სესიის თემა იყო „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით“.