ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში წერია, რომ 2016 და 2017 წლების არჩევნებზე მმართველის პარტიის მიერ მოპოვებული ძლიერი უპირატესობის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნები ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნულია, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ნაწილობრივ იზიარებენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ წარსულში გაცემულ რეკომენდაციებს, მაგრამ არ ითვალისწინებენ საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლების, წინასაარჩევნო კამპანიისა და კამპანიის დაფინანსების შესახებ რეგულაციების შემოღებისა და ასევე საარჩევნო დავების გადაწყვეტის სისტემის შესახებ გაცემულ რეკომენდაციებს.
„ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით შემცირდა საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ყველა დონეზე, რამაც კომისიების წევრთა შორის მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია. და რადგანაც არაპარტიულ წევრთა შერჩევის წესი კანონით არ არის დარეგულირებული, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა რეკომენდაციები კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის შესახებ. პროცესში ჩართულმა რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან (ODIHR EOM) საუბრისას გამოთქვა წუხილი, რომ კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი არ არის გამჭვირვალე და რომ კომისიის წევრთა შერჩევა ხდება პოლიტიკური მიკუთვნებულობისა და ნეპოტისტური კავშირების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ეუთო-ს ანგარიშში.
დოკუმენტში წერია, რომ ადგილობრივმა მთავრობებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, რათა ხმის მიცემის უფლების მქონე არც ერთი პირი არ დარჩეს სიის მიღმა.
ამასთან, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ცესკო-ში რეგისტრირებული 25 საპრეზიდენტო კანდიდატიდან ორი ქალია, უმცირესობათა ჯგუფებს კი არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს.
„საარჩევნო კამპანია, რომელიც საკმაოდ აქტიურად შუქდება ადგილობრივი მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით, კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე და არა საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში არსებულ შინაარსობრივ საკითხებზე. გამოვლენილია ნეგატიური კამპანიის (ასევე ცნობილი, როგორც „შავი პიარი“) მრავალი შემთხვევა. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიუხედავად, აღძრულია რამდენიმე სარჩელი ამ კუთხით სავარაუდო დარღვევების გამოსავლენად, რის საფუძველზეც დაწყებულია მოკვლევა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეკომენდაციით, მაუწყებლებმა ეთერიდან უნდა ამოიღონ ყველა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც უარყოფითი მხრით წარმოაჩენს სამთავრობო პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეკომენდაციით, მაუწყებლებმა ეთერიდან უნდა ამოიღონ ყველა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც უარყოფითი მხრით წარმოაჩენს სამთავრობო პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და შესაბამისად, სანქციები დაუწესა ერთ-ერთ უმსხვილეს ადგილობრივ ტელეკომპანიას“, – აღნიშნულია ეუთო-ს ანგარიშში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) 24 სექტემბერს დაიწყო ექვსი ადგილობრივი სატელევიზიო არხისა და სამი ონლაინ მედიასაშუალებაზე საუკეთესო საეთერო დროის კამპანიის გაშუქების რაოდენობრივი და თვისებრივი მონიტორინგი.
18 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევის საფუძველზე ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM) თავისი მანდატის შესაბამისად მუშაობას შეუდგა. მისიას ხელმძღვანელობს მისიის ელჩი გერტ-ჰინრიჰ არენსი. მისიის ძირითადი გუნდი შედგება თბილისში მომუშავე 14 წევრისა და 28 ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც 26 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდნენ. მისიის წევრები ეუთო-ს წევრი 20 ქვეყნიდან შეირჩნენ. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ეუთო-ს წევრ ქვეყნებს კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დაკვირვების მიზნით 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა სთხოვა.