ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი იან ბორჯი საქართველოს ეწვია
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი იან ბორჯი საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ში მიმდინარე პროცესებსა და ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის წინაშე ამჟამად არსებული გამოწვევების მოგვარებაში.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ჩართულობის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა იან ბორჯს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებას. აღინიშნა, რომ კანონის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ქართული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნის გახილვასთან დაკავშირებით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2024 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი თებერვალში გაუგზავნა. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. ასევე, ხაზი გაესვა ხელისუფლების მზაობას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში 15 მაისს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იან ბორჯის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.