ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, ძალისხმევა არ დაიშურონ ვითარების დეესკალაციისთვის
მთიანი ყარაბაღის საკითხზე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, ძალისხმევა არ დაიშურონ ვითარების დეესკალაციისთვის და თავი შეიკავონ ვითარების გამამწვავებელი რიტორიკისგან.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 15 ივლისის მდგომარეობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია.
თანათავმჯდომარეები განცხადებაში ხაზს უსვამენ ისეთი ატმოსფეროს შექმნის აუცილებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესის აღდგენას.
თანათავმჯდომარეები ასევე მიესალმებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დასტურს არსებითი მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით, მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით.