ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან განხილული იყო ნატო-საქართველოს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები და ნატო-ს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ალიანსს შორის მაღალ დონეზე არსებული კომუნიკაციის დინამიკას და თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე შეხვედრა გამართა ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ალექსანდრ შალენბერგთან. ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შემდგომ პროცესში ავსტრიის პოლიტიკურ მხარდაჭერას. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით აგრძელებს ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების ისტორიულ პროცესს. ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. აღინიშნა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ საკითხზე ავსტრიის მხრიდან გამოხატული მტკიცე პოზიცია როგორც ეუთოს, ისე ყველა საერთაშორისო ფორმატში.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო.
ვიზიტის პირველ დღესვე, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბიარნი ბენედიქტსონს. შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ საქართველო-ისლანდიას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისლანდიას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკომისიის მხრიდან გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის 15-მდე შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან, ასევე, ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან. ილია დარჩიაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სესიაზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე.
ეუთო-ს მინისტერიალი (29 ნოემბერს – 1 დეკემბერს) ქ.სკოპიეში იმართება ორგანიზაციაში ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობის ფარგლებში. მინისტერიალში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ, მათ შორის სკოპიეში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.