ეუთო-ს კოორდინატორი - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ უდიდესი ინტერესია
ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი კრისტიან ვიგენინი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ უდიდესი ინტერესია.
როგორც კრისტიან ვიგენინმა განაცხადა, ეუთო-მ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა ყველაზე დიდი მისია გამოაგზავნა.
„ვაკვირდებით არჩევნებს, ქართველ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. გვექნება ძალიან ობიექტური შეფასება. გვაქვს იმედი, რომ არჩევნები იქნება მშვიდობიანი. ვიმედოვნებთ, რომ ქართველ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება და შედეგი მათი სურვილის შესაბამისი იქნება. ეს არის ჩვენი მისია და ამოცანა. ჩვენ დავსვით კითხვები დღეს საარჩევნო უბანზე. ამ კითხვებზე პასუხები ვიცოდით, მაგრამ შევამოწმეთ, თუ რამდენად მზად იყვნენ კომისიის წევრები. შთამბეჭდავია, საარჩევნო დღეს ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობაც. ამ არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია”, – განაცხადა კრისტიან ვიგენინმა.