ეუთო-ს გენერალური მდივანი - ეუთო-ს მისიის საქართველოში ყოფნას ყველა მხარს უჭერს, თუმცა პოლიტიკური მიზეზით შეთანხმება ვერ ხერხდება
ეუთო-ს გენერალური მდივანი - ეუთო-ს მისიის საქართველოში ყოფნას ყველა მხარს უჭერს, თუმცა პოლიტიკური მიზეზით შეთანხმება ვერ ხერხდება

ეუთო-ს მისიის საქართველოში ყოფნის საკითხს ყველა მხარს უჭერს, თუმცა პოლიტიკური მიზეზით შეთანხმება ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის ყოფნას შეეხებოდა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის ყოფნა აუცილებელია.

„ჩვენ ვმსჯელობთ იმ რეზოლუციის ირგვლივ, რომელიც რუსეთთან ომიდან 10 წლის თავს ეძღვნება, რომელშიც საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოს მოქალაქეების კვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეუთო-ს მისიის ყოფნა ამ ტერიტორიებზე აუცილებელია, თუმცა როგორც იცით, რუსეთი ბლოკავს ეუთო-ს მისიის დასწრებას ადგილზე. ჩემი კითხვაა, როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს საკითხი?, – მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო მდივანს.

როგორც ტომას გრემინგერმა განაცხადა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები უფრო პროდუქტიული უნდა გახდეს და ამისთვის საჭიროა პრაგმატული ხედვა.

„ჩვენ არ უნდა დავტოვოთ განუხილველი საკითხები, თუმცა ამავდროულად უნდა გამოვიდეთ იქედან, რაც მოცემულ მომენტში ხდება. საჭიროა, აღვადგინოთ ნდობა ფუნდამენტურ საკითხებზე. რაც შეეხება ეუთო-ს მისიის ყოფნას საქართველოში, ამ საკითხს აქ ყველა უჭერს მხარს, თუმცა პოლიტიკური მიზეზით ვერ ხერხდება ამაზე შეთანხმება. ვფიქრობ, უნდა ვცადოთ საკითხზე შეთანხმება, უფრო პრაგმატული ხედვით. მოკლე დროში კი შევიმუშაოთ პორტფოლიოების, პროექტებისა და პროგრამები, რისი განხორციელებაც შესაძლებელი იქნება, ამისთვის საჭირო საბიუჯეტო რესურსებზე მსჯელობა სამომავლოდ შეგვიძლია”, – განაცხადა ეუთო-ს გენმდივანმა.