ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს და 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში მოიცავს საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველ მიმოხილვას იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ხარვეზები, გაურკვევლობები.
როგორც ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია. ფუნდამენტური უფლებები ზოგადად დაცული იყო და ამომრჩევლებს ჰქონდათ რეალური არჩევანი, თუმცა იყო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები კი ჩართული იყვნენ კამპანიაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა მეორე ტურის მნიშვნელოვანი ასპექტები არ იყო საკმარისად რეგულირებული. ანგარიშის ავტორები გამოდიან დაბალი დონის საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის წესის გადახედვის რეკომენდაციით, რათა უკეთესად იყოს დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ნეგატიური, უხეში და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ მნიშვნელოვნად მიაყენა ჩრდილი კამპანიას, განსაკუთრებით მეორე ტურის წინ, რაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.
საარჩევნო კამპანიების დროს ენის რეგულაციების გაძლიერება სიძულვილის გაღვივების პოტენციური შემთხვევების განხილვისა და აუცილებლობის შემთხვევაში, დროული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას შექმნიდა.
დოკუმენტი ასევე შეიცავს რეკომენდაციებს კამპანიის დროს სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებულ საჩივრებზე რეაგირების დროული და ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მკაფიო გამიჯვნა პარტიასა და სახელმწიფოს შორის.
დამატებითი რეკომენდაციები ეხება კომისიის წევრთა რაოდენობის რეალურ საჭიროებასთან შესაბამისობაში მოყვანას, კამპანიის დროს ფინანსურ დარღვევებზე რეაგირებისთვის ვადების დაწესებას, მედიის მარეგულირებლის ყველა გადაწყვეტილებისა და ლეგალური მოსაზრების გასაჯაროებას, საარჩევნო დავების დარეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვასა და იმის უზრუნველყოფას, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი ხმა შურისძიების შიშისგან თავისუფლად დააფიქსირეს.
რაც შეეხება მედიას, დასკვნაში აღნიშნულია, რომ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აშკარად ემხრობოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ტელეკომპანია „იმედი“ კი – „ქართულ ოცნებას“. ანგარიშის მიხედვით, „იბერიის” ახალი ამბები მეტწილად ფოკუსირებული იყო მთავრობისა და „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებებზე, რომ „იბერიის” მფლობელი კომპანია ზეწოლის ქვეშ იყო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ტვ პირველი” უფრო ნეიტრალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას სთავაზობდა მაყურებელს. აჭარის ტელევიზია მეტწილად ფოკუსირებული იყო ადგილობრივი, რეგიონული მოვლენების გაშუქებით და ლიმიტირებული, თუმცა დაბალანსებული სივრცე დაუთმო საარჩევნო კამპანიის აქტივობებს.
დასკვნაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შეეცადა, კანდიდატები ნეიტრალურად გაეშუქებინა, თუმცა პირველი არხიც და აჭარის ტელევიზიაც ზედაპირულად აშუქებდნენ პარტიების წარმომადგენლებისა და კანდიდატების აქტივობებს.
ანგარიშის მიხედვით, მეორე ტურში ძირითადი მაუწყებლები კიდევ უფრო პოლარიზებული გახდნენ – „იმედმა” განაცხადა, რომ აქტიურად იმუშავებდა, რათა ხელი შეეშალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებისთვის. დასკვნის მიხედვით, „რუსთავი 2“ უკიდურესად უარყოფითად აშუქებდა მთავრობას, „ქართულ ოცნებას”, პირველი არხს კი ეტყობოდა აშკარა მიკერძოება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ემხრობოდა.
როგორც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში წერია, იმის პარალელურად, რომ აჭარის ტელევიზიის გაშუქება მეტწილად ნეიტრალური იყო, მან საგრძნობლად მეტი დრო დაუთმო „ქართულ ოცნებასა” და მის მხარდაჭერილ კანდიდატს.
ამასთან, დასკვნის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდწილად ასრულებდა თავის იურიდიულ მოვალეობას, დაეთმო უფასო საეთერო დრო პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული მონაწილეების მიერ. ორივე მაუწყებელმა, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აჭარის ტელევიზიამ ყველა კანდიდატს თანაბარი დრო გამოუყვეს. ორივე მაუწყებელმა უმასპინძლა უამრავ დებატს, რომლის საშუალებითაც ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებები წარმოეჩინა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ყველა კანდიდატს 10-წუთიანი ინტერვიუ მიუძღვნა.