ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.
როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ორგანიზაციას ცვლილებების პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მიაწოდა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტში წარმოდგენილი ცვლილებები ეხება 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებას.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი პარტიის ინიციატივაზე, რომელიც 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო. 4 დეკემბერს პარლამენტის 29 წევრმა წარადგინა საარჩევნო კოდექსის ცვლილების შესახებ ახალი ინიციატივა. დოკუმენტის თანახმად, ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ისეთ სისტემას, რომელშიც ერთმანდატიან ოლქებში ორრაუნდიანი სისტემის ნაცვლად, პარლამენტის 73 წევრის არჩევა მოხდება მრავალმანდატიანი ოლქებიდან. ამომრჩევლებს ერთი ხმის მიცემა შეეძლებათ და ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატები მოიპოვებენ ადგილებს. პარლამენტის დანარჩენი 77 წევრის არჩევა მოხდება სიების დახურული სისტემით. ამჟამინდელი შერეული სისტემისგან განსხვავებით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების განაწილება დაკავშირებული იქნება მრავალმანდატიან ოლქებში მუშაობასთან. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტის თანახმად, შეთავაზებული სისტემის გაცხადებული მიზანია უფრო მეტად პროპორციული შედეგის უზრუნველყოფა მოპოვებულ ხმებსა და მიღებულ ადგილებს შორის.
„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, რამდენადაც, არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო ინკლუზიურ დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ოდირის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებში აღნიშნული იყო, რომ ოლქების საზღვრების დადგენის სამართლებრივი ჩარჩოები თითოეულ კანდიდატზე ამომრჩეველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი გადახრის შესაძლებლობას იძლევა, ასევე არ იძლევა საკმარის პარამეტრებს საზღვრების დასადგენად და არ ადგენს პროცედურებს გადახედვისთვის. მრავალმანდატიანი ოლქების შექმნის შემთხვევაში, არსებული გადახრები შეიძლება გაიზარდოს.
ოდირი ადასტურებს წინა რეკომენდაციას, გადაიხედოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო ოლქების საზღვრების დადგენის პარამეტრების დასაკონკრეტებლად და დაშვებული გადახრების კრიტერიუმების დასადგენად.
დოკუმენტი მოიცავს ტექნიკური ხასიათის ექვს რეკომენდაციას, რომლებიც ეხება ამომრჩევლების მიერ ბიულეტინის მონიშვნას, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადებს, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად ოლქების შერჩევას და სხვა საკითხებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტი არ აწესებს რამე კონკრეტულ საარჩევნო სისტემას, თუმცა სახელმწიფოში მოქმედი ნებისმიერი სისტემა უნდა იყოს თავსებადი 25-ე მუხლთან და უნდა უზრუნველყოფს არჩევნებზე ნების თავისუფალი გამოხატვა. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპაში არსებობს საარჩევნო სისტემის ორგანიზებისა და ფუნქციონირების მრავალი გზა და უამრავი განსხვავება კერძოდ, ისტორიული განვითარების, კულტურული მრავალფეროვნების და პოლიტიკური აზრის მხრივ, რაც თითოეულმა სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი დემოკრატიული ხედვის შესაბამისად.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის კოდექსის თანახმად, ზემოაღნიშნული პრინციპების პატივისცემით შესაძლებელია ნებისმიერი საარჩევნო სისტემის არჩევა. აქვე ნათქვამია, რომ ეს დებულება ეხება საყოველთაო, თანასწორუფლებიან, თავისუფალ, ფარულ და პირდაპირ საარჩევნო უფლებას, ასევე პერიოდულ არჩევნებს, რაც საფუძვლად უდევს „ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობას“.
დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემის არჩევისას არის ორი განსხვავებული ინტერესის ბალანსი: წარმომადგენლობითობის პრინციპის პატივისცემა (რომელიც დაცულია პროპორციულობის პრინციპით); ან უმრავლესობების შექმნის ხელშეწყობა, რაც მთავარ პოლიტიკურ კოალიციას მართვის საშუალებას აძლევს.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დოკუმენტის მიხედვით, ორივე საარჩევნო პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი. აქვე აღნიშნულია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა უნდა იყოს ფართო და ინკლუზიური დებატების საგანი, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს მისცემს საშუალებას, გამოავლინონ რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. დოკუმენტის თანახმადვე, ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღებით.
„პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო კანონის ფუნდამენტური ელემენტების ცვლილებებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემის. საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი. ცვლილება უნდა განხორციელდეს ორგანული კანონში შესწორებების შეტანით, რაც კონსტიტუციის თანახმად, შეიძლება შეიცვალოს პარლამენტში ხმების მარტივი უმრავლესობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც დოკუმენტში წერია, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობს საარჩევნო სისტემების განსაზღვრებებს, მიენიჭოს თუ არა კონკრეტულ სისტემას მაჟორიტარულის, პროპორციულის, ჰიბრიდულის თუ სხვა კლასიფიკაციის კატეგორია. ეს პოლიტიკური და სამართლებრივი სწავლისა და სამეცნიერო მოსაზრების საგანია.