აშშ-ის შუალედური არჩევნები იყო კონკურენტული, მაგრამ ასევე პოლარიზებული, შეინიშნებოდა მუქარები საარჩევნო მუშაკების მიმართ და ძალისხმევა საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობის ძირის გამოთხრისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ს მოხსენებაში.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მაგრამ ბევრი საარჩევნო ბრძოლა იყო ძლიერ პოლარიზებული და დაზიანებული მკაცრი რიტორიკით, ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ ხშირ შემთხვევაში გამოიწვია არაკონკურენტული ოლქები.
მოხსენების მიხედვით, ორივე ძირითადი პარტიის პოლიტიკური კამპანია იყო უაღრესად გამყოფი, წამქეზებელი რიტორიკით, რასაც თან ახლდა რასისტული და ტრანსფობიური შენიშვნები ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან.
„სამწუხაროდ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გაყალბების დაუსაბუთებელ ბრალდებებს კვლავ მოჰყვა სერიოზული შედეგები საარჩევნო მოხელეების მიმართ შევიწროებისა და მუქარის სახით. გარკვეული სისტემური გამოწვევები, როგორიც არის საარჩევნო უბნების არათანაბრად გაყოფა, რაც პოლიტიკოსებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ თავიანთი ამომრჩევლები და არა პირიქით, ფულის დიდი გავლენა კამპანიაზე, უნდა მოგვარდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხმების რეალური თანასწორობა“, – განაცხადა ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიანი დამკვირვებლების ლიდერმა მარგარეტა სედერფელტმა.
დამკვირვებლების თქმით, კამპანიის დაფინანსების გამჟღავნების მექანიზმები ზოგადად ყოვლისმომცველია, მაგრამ მარეგულირებელ ჩარჩოებში არსებული ხარვეზები პოლიტიკაში ფულის ზემოქმედებას ნაკლებად გამჭვირვალეს ხდის.
„2020 წლის მოსახლეობის აღწერის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში 435 ადგილი ხელახლა გადანაწილდა შტატებს შორის, ასევე გადანაწილდა საარჩევნო ოლქები. გადანაწილება უაღრესად პოლიტიკურია, შტატის საკანონმდებლო ორგანოები პასუხისმგებელნი არიან 33 შტატში, ხოლო გარე კომისიები დანარჩენ 11-ში. სულ 78 იურიდიული საჩივარი იყო წარდგენილი კონგრესის რაიონის რუკების წინააღმდეგ, ხშირად პარტიული ან რასობრივი ტენდენციური გადანაწილების ბრალდებით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვალა რაიონის რუკები რვა შტატში. რუკების შემუშავებისას კომპეტენტური ორგანოები იყენებენ ალგორითმებს, რომლებიც ზოგჯერ ითვალისწინებდნენ პოლიტიკურად ხელსაყრელ ცვლადებს, მათ შორის წარსულში ხმის მიცემის შედეგებს და რასობრივ დემოგრაფიულ მონაცემებს უბნის დონეზე. როგორც ამჟამად ხორციელდება, გადანაწილება სრულად არ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობას, წარმომადგენლობას და უმცირესობების სამართლიან წარმომადგენლობას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
პარალელურად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერე ჯოან პონსმა თქვა, რომ როგორც ძლიერი და კარგად ჩამოყალიბებული დემოკრატია, მნიშვნელოვანია, აშშ-მა განაგრძოს ერთგულების დემონსტრირება თავისი საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების თაობაზე, ხმის უფლების გაზრდით, არჩევნების უსაფრთხოების გაძლიერებითა და დეზინფორმაციასთან წინააღდეგობით.
„დემოკრატიის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აშშ დგას, საერთოა ეუთო-ს მრავალი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა მათ დემოკრატიულ პროცესებში“, – აღნიშნა პერე ჯოან პონსმა.
მოხსენების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებული მედია ლანდშაფტის მრავალი საშუალება ცდილობდა ზუსტი ინფორმაციის წარმოდგენას, სხვების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ამომრჩეველთა ინფორმირების უნარზე მოქმედებდა.
ანგარიშის მიხედვით, აშშ-ში პლურალისტური მედიაგარემო კონკურენტული არჩევნების წინაპირობაა, მაგრამ როდესაც გაშუქებისა და კომენტარების შინაარსი გადმოცემულია დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ენით პროცესში ჩართული პირების მიმართ, ეს ქმნის ატმოსფეროს, რომელსაც, როგორც ცხადად გამოჩნდა, შეიძლება მოჰყვეს მუქარა, დაშინება და ძალადობა, რომელიც არ ემსახურება მოქალაქეებს, რომლებიც ეძებენ ობიექტურ, ფაქტობრივ ინფორმაციას.
„ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდები მოიცავს ადრეულ პირად და დაუსწრებელ ხმის მიცემას, რაც ამომრჩეველს ხმის მიცემის მრავალ ვარიანტს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ დაუსწრებელი კენჭისყრა არ იძლევა კენჭისყრის საიდუმლოების გარანტიას, ამ მეთოდების მოხერხებულობა დამკვირვებლებთან შეაფასეს ამომრჩევლებმა, როგორც გაზრდილი მონაწილეობის საშუალება სარჩევნო პროცესში და მათი უმეტესობა დარწმუნებული იყო ამის კეთილსინდისიერებაში. პოლიტიკოსებისა და მედიის კომენტატორების უარყოფითმა პრეტენზიებმა, რომ დაუსწრებელმა ხმის მიცემამ და საარჩევნო ყუთების გამოყენებამ გამოიწვია 2020 წლის არჩევნების გაყალბება, უარყოფითად იმოქმედა მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია რამდენიმე სხვა საკითხი. კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, კანდიდატების, პარტიებისა და „დამოუკიდებელი“ კომიტეტების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების გამჟღავნება უზრუნველყოფს გონივრულ გამჭვირვალობას, პროცესს ძირს უთხრის კამპანიაში ჩართული გადასახადებისგან გათავისუფლებული ორგანიზაციების მიერ გამჟღავნების ნაკლებობა.
ეუთო-ს მოხსენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია 35 შტატში, შეესაბამება კარგ პრაქტიკას და არჩევნების კეთილსინდისიერების გარანტიებს, დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ პირადობის მოწმობები არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი ზოგიერთ შტატში ყველა უფლებამოსილი მოქალაქისთვის, რითაც ირღვევა ზოგიერთი უმცირესობისა და ეკონომიკურად დაუცველი თემის წევრთა თანაბარი საარჩევნო უფლება.