ეუთო-ს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა, მოქმედმა და მომავალი ორი წლის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს
ეუთო-ს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დოკუმენტში ე.წ. ოთხეულმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო.
„ოთხეული“, ეუთო-ს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე, ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე – ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება – პროგრესის საჭიროება.
დოკუმენტში „ოთხეული“ ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.
აღსანიშნავია, რომ „ოთხეულის“ განცხადება არის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.