ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოს პირველი არხის გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო
საქართველოს პირველმა არხმა მთავარ საარჩევნო სუბიექტებს დაახლოებით თანაბარი დრო დაუთმო და გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებაშია აღნიშნული.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე, მათ შორის მედიაგარემოზე დაკვირვების წინასწარი დასკვნები წარადგინა.
„იმ მაუწყებლებს, რომლებიც არჩევნებს აშუქებდნენ, დებატების ორგანიზება კანონით ევალებოდათ, სადაც სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მქონე ყველა პოლიტიკური პარტია უნდა ყოფილიყო მიწვეული. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ პარტიების მონაწილეობით ჩატარებულ ოთხ დებატთან ერთად, დამატებით კიდევ ოთხი დებატის ორგანიზება მოახდინა სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის. „ქართული ოცნების“ მიერ დებატებში მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე პროგრამით შემოიფარგლა, რამაც ამომრჩევლებს ძირითად საარჩევნო სუბიექტებს შორის დებატების ხილვის შესაძლებლობა სავარაუდოდ შეუზღუდა.
სამმა კერძო მაუწყებელმა: „მთავარმა არხმა“, „პირველმა“ და„ ფორმულამ“ მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ მკვეთრი მიკერძოებულობა გამოხატა, მათ „პრაიმტაიმის“ საინფორმაციო გამოშვებებში „ქართული ოცნების“ საქმიანობის გაშუქებას 29-დან 35%-მდე და 11-დან 16%-მდე დაეთმო, გაშუქების ტონი ძირითადად უარყოფითი იყო. ამის საპირისპიროდ, ტელეკომპანია „იმედმა“ მმართველი პარტიისა და მთავრობის საქმიანობის გაშუქებას შესაბამისად 45% და 24% დაუთმო, გაშუქების ტონი ძირითადად დადებითი და ნეიტრალური იყო მაშინ, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით არსებული კოალიციისა და „ევროპული აქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას, დაახლოებით 14, 2% დაეთმო, გაშუქების ტონი ძირითადად უარყოფითი იყო. სხვა სუბიექტებმა მიიღეს მთლიანობაში სამი პროცენტი. „რუსთავი 2“-ის მიერ ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტის საქმიანობის გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო; ამ ტელეკომპანიამ „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის საქმიანობის გაშუქებას დიდი ყურადღება დაუთმო – 27,15%; ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციას, „ევროპულ საქართველოს“ და „ლელოს“ შესაბამისად დაახლოებით 14,9% და 6% დაეთმო. აჭარის ტელევიზია ძირითადად ადგილობრივ ახალ ამბებზე იყო კონცენტრირებული და წინასაარჩევნო კამპანიას ნაკლებად აშუქებდა; საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მთავარ საარჩევნო სუბიექტებს დაახლოებით თანაბარი დრო დაუთმეს, გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, მთავრობის საქმიანობა ფართოდ გაშუქდა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებული ყველა კერძო მაუწყებელი შესამჩნევად მიკერძოებული იყო“, – ნათქვამია საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებაში.
ამასთან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა კერძო მაუწყებლების მიკერძოებულობასთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხუთივე კერძო მაუწყებელი, რომელსაც მისია დააკვირდა, პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს ემსახურებოდა, იყო პარტიული ნიშნით მიკერძოებული“.