ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ვფიქრობ, 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკმაყოფილებს საჭიროებას და სრულად იქნება საკმარისი
ვფიქრობ, 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკმაყოფილებს საჭიროებას და სრულად იქნება საკმარისი, – ამის შესახებ ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვა ეხებოდა, რამდენად იქნება საკმარისი სრული სურათისთვის დამკვირვებლების დასახელებული რაოდენობა.
„სადამკვირვებლო მისია ვიდრე განთავსდება, ქვეყანაში ხდება საჭიროების შეფასება. ვინაიდან ბოლო დროს სადამკვირვებლო აქტივობა განხორციელდა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამის გამო საჭიროების შეფასება არ გახდა აუცილებელი. ვფიქრობ, 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკმაყოფილებს საჭიროებას და სრულიდ საკმარისი იქნება. ამჯერად, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს გამოეგზავნათ 350 დამკვირვებელი და ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ იმის მინიშნებას, რომ 350-ზე ნაკლებს მივიღებთ. ჩვენ მოვითხოვეთ 350 და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.
მისივე თქმით, დამკვირვებელთა რაოდენობა განსაზღვრულია ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიის გამოცდილებასა და ექსპერტების დასკვნების გათვალისწინებით.
„შესავალ სიტყვაშიც აღვნიშნე, რომ ოდირ-ს გამოცდილება აქვს იმაში, რასაც წლებია, ახორციელებს. თქვენს ქვეყანაში ოდირ-ს აქამდეც უმუშავია და მოუმზადებლები არ ვართ. ეს არის დაფუძნებული გამოცდილებასა და ექსპერტების დასკვნებზე, იმ ადამიანების მოსაზრებებზე, ვინც წინა წლებში იყვნენ დამკვირვებლები. ამიტომ, ეს არ არის გამოგონილი სცენარი, არამედ დაფუძნებულია არსებულ გამოცდილებასა და საექსპერტო ცოდნაზე“, – აღნიშნა ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.