ეუთო/ოდირის მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესზე დაკვირვებას იწყებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, არჩევნების დასაკვირვებლად საქართველოში ეუთო/ოდირის მისია ჩამოვიდა.
როგორც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეუთო/ოდირის მისიის ძირითადი გუნდი 13 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება, რომელთა შორის არიან საარჩევნო, პოლიტიკური, სამართლებრივი და მედიის საკითხების ანალიტიკოსები.
„ეუთო/ოდირის მისია მოწვეულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რათა დააკვირდეს არჩევნებს, რადგან ეს არის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს და მისია მოთხოვნის საფუძველზე ჩამოდის. ოდირს აღებული აქვს ვალდებულება, უსაფრთხოდ შეასრულოს თავისი მანდატი და ამ მნიშვნელოვან არჩევნებს დააკვირდეს. წინა წლებში ოდირს სულ 15 სადამკვირვებლო მისია ჰყავს საქართველოში გამოგზავნილი 1999 წლიდან. მათ შორის, ჩვენ დავაკვირდით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.
ამ დილით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკო-ში უკვე გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. გავაცანით ჩვენი გუნდი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ორივე უწყებას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რომ ეს მისია მომზადდა და შედგა იმ პერიოდში, როდესაც ასეთი გამოწვევები არსებობს.
ჩვენი ძირითადი გუნდი შედგება 13 საერთაშორისო ექსპერტისგან ეუთო-ს 10 წევრი სახელმწიფოდან. ამ ექსპერტებს შორის არიან საარჩევნო, პოლიტიკურ, სამართლებრივ და მედიის საკითხებში ანალიტიკოსები, ასევე დამატებით ტექნიკურ-ლოჯისტიკური ექსპერტები. ჩვენი გუნდი ძირითადად იმუშავებს თბილისში, აქ იქნება ჩვენი სამუშაო ადგილი და შემდეგი შვიდი კვირის განმავლობაში დავრჩებით თბილისის დროებით ოფისში.
30 სექტემბერს, ოთხშაბათს 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა, რომლებსაც ძირითად ინფორმაციას გავაცნობთ და შემდგომში ისინი ქვეყნის მასშტაბით 13 სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდებიან. ეს ჯგუფი დააკვირდება საარჩევნო პროცესს რეგიონულ დონეზე“, – განაცხადა ჯილიენ სტირკმა.