ეუთო/ოდირის ანგარიში - საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად დაცული
საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად იყო დაცული, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობდა საარჩევნო უბნებზე ზედმეტ ხალხმრავლობას.
„საარჩევნო უბნებთან პარტიის კოორდინატორების და აქტივისტების ფართო წარმომადგენლობა, რომლებიც ხშირად მმართველი პარტიის სახელით მოქმედებდნენ, მიჩნეული იყო დაშინებად ოდირის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთი თანამოსაუბრის მიერ. რამდენიმე სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ჩაატარა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და არჩევნების დღეს წარადგინა მოკლევადიანი დამკვირვებლები, რაც ხელს უწყობდა პროცესის ზოგად გამჭვირვალობას. თუმცა პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობდა საარჩევნო უბნებზე ზედმეტ ხალხმრავლობის შექმნას. ისინი ასევე ზოგჯერ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში ან აქტიურად განსაზღვრავდნენ, თუ ვინ უნდა შესულიყო ხმის მიცემის დაწესებულებაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში არჩევნების შემდგომ პროცესებზეც არის საუბარი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან მალევე რვა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა.
„არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან მალევე, რვა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ბარიერი გადალახა, უარყო არჩევნების შედეგები და არჩევნების ფართოდ გაყალბების შესახებ განაცხადა. აღნიშნულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურს და დაიმუქრნენ, რომ ახალი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამავე დროს მოითხოვეს ახალი არჩევნების ჩატარება ცესკო-ს ახალი ხელმძღვანელობით.
არჩევნების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა გაიმართა, მათ შორის ცესკო-ს ოფისთან. კომისიებსა და სასამართლოებში საჩივრებისა და აპელაციის პროცესის დასრულებისა და ყველა ოლქში შედეგების გასაჩივრების უარყოფის შემდეგ, ცესკომ 13 ნოემბერს არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაცხადა. რამდენიმე პარტიამ წარუმატებლად გაასაჩივრა საბოლოო შედეგები სასამართლოში.
21 ნოემბერს 17 ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართა“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.