ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს, დასკვნებს არჩევნების შემდეგ გამოვაქვეყნებთ
ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის აქცენტი გადატანილი იქნება საარჩევნო პროცესზე, მის მიმდინარეობაზე.
მისივე თქმით, მონიტორები დააკვირდებიან პარტიებს, პლატფორმებს, კანდიდატებს, საარჩევნო კომისიის წევრებს.
როგორც ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მონიტორინგის შედეგებს ანგარიშში მოიხსენიებენ.
„როგორც აღვნიშნე, ჩვენი ფოკუსი, მთავარი აქცენტი გადატანილი გახლავთ საარჩევნო პროცესზე. რასაკვირველია, ჩვენ ამ არჩევნებს წინა არჩევნებს ვერ შევადარებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დავაკვირდეთ პროცესს. გრძელვადიანი მონიტორები, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში განთავსდებიან რეგიონებში, დააკვირდებიან პარტიებს, პლატფორმებს, კანდიდატებს, საარჩევნო კომისიის წევრებს შემდეგ. ისინი მუდმივ რეჟიმში გამოგზავნიან ინფორმაციას ძირითად გუნდთან, რომელიც იქნება თბილისში. გვექნება მუდმივი კონსულტაციები და არჩევნების შემდეგ გამოვაქვეყნებთ ჩვენს დასკვნებს. მაგრამ ძირითადად, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ თავად პროცესზე, ნებისმიერ რამეზე, რასაც, ჩვენი აზრით, გავლენა ექნება მისიაზე, ამ ყველაფერს აუცილებლად მოვიხსენიებთ ჩვენს ანგარიშში“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.