ეუთო - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გადაწყვეტილება
ეუთო მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის გარკვეული რაიონების დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს თავმჯდომარის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს, ეუთო-ს გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდტის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მარგარეტა სედერფელტისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის რობერტო მონტელას ერთობლივ განცხადებაში.
„ეს ნაბიჯი არის საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს. ეუთო-ს ყველა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, აიღეს ვალდებულებები, პატივი სცენ სხვების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. ეს აღიარება მხოლოდ კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას და განაცალკევებს ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მათი ქვეყნის, უკრაინის დანარჩენი ნაწილისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.