ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, იფიქრონ ინოვაციურ მიდგომებზე, რათა მიაღწიონ პროგრესს და კონკრეტულ შედეგებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
„მონაწილეებმა 2023 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო რაუნდის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს და ის შედარებით სტაბილურად შეაფასეს. მოხდა აზრთა ფართო და არსებითი გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის ძირითადი საკითხების შემდგომი გადაწყვეტის გზებზე, მათ შორის ძალის გამოუყენებლობაზე.
თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, იფიქრონ ინოვაციურ მიდგომებზე, რათა მიაღწიონ პროგრესს და კონკრეტულ შედეგებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ზოგიერთი მონაწილის გასვლის გამო ვერ მოხერხდა.
შეთანხმებული იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარება 2024 წლის 25-26 ივნისს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდიც მოლაპარაკებების შეწყვეტით დასრულდა. მისივე თქმით, დევნილთა დაბრუნებაზე როგორც კი დგება საკითხი, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებებს, არ იჩენს არც მოქნილობას, არც მზაობას ფუნდამენტური საკითხების განსახილველად.