ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით კომუნიკეს აქვეყნებს
ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით კომუნიკეს აქვეყნებს

ევროპის უშიშროებისა და  თანამშრომლობის ორგანიზაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით კომუნიკეს ავრცელებს. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვითარების გამწვავების ფონზე მოლაპარაკებების წევრებს შორის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდა.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები არსებობს. ხალხი ამ სირთულეებში ცხოვრებას განაგრძობს. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელ პუნქტებზე რამდენჯერმე დაწესდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი უკვე ხუთ თვეზე მეტია, ჩაკეტილია. ამან კი რიგი ინციდენტები გამოიწვია, მათ შორის არის დაკავებები.

ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული კომუნიკეს თანახმად, მართალია ჟენევის 50-ე მოლაპარაკებები საქმიან ატმოსფეროში გაიმართა, თუმცა ის ზემოთ აღნიშნული გამოწვევების გამო დაიჩრდილა.

ევროპის უშიშროებისა და  თანამშრომლობის ორგანიზაციის კომუნიკეში განმარტებულია, რომ მოლაპარაკებების დროს დისკუსიაში მონაწილეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე არსებული დაძაბულობის განმუხტვისკენ, გადამსვლელი პუნქტების გახსნისა და ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების დროს ეუთო-ს წარმომადგენელმა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და მონაწილეებს მისი გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითა, რათა მომდევნო წელს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგები იქნას მიღწეული.

ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდის გამართვის თარიღთან დაკავშირებით 2020 წლის 31 მარტსა და პირველ აპრილზე შეთანხმდნენ.