ანალიტიკოსი მაქს ფრასი - ზურაბიშვილი სავარაუდოდ მოიგებს და შესაძლოა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილია
ანალიტიკოსი მაქს ფრასი - ზურაბიშვილი სავარაუდოდ მოიგებს და შესაძლოა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილია

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი არჩევნებში კენჭს არ იყრიან, არჩევანი ფაქტობრივად მათ შორის კეთდება – წერს Euronews-ი თავის სტატიაში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

სტატიის თანახმად, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილია, აღნიშნული პარტია კი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი დაფუძნებულია, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად არის გასამართლებული.

სტატიის ავტორი წერს, რომ არჩევნებში ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ საქართველოში დაბრუნებას შეეცდება.

„ვაშაძე დიდი ალბათობით სააკაშვილი პოლიტიკას გააგრძელებს, ნატო-სა და ევროკავშირისკენ კურსს, ასევე შეიწყალებს მოქმედი მთავრობის მიერ გასამართლებულ პირებს, ასევე სააკაშვილს. ეს მისთვის რისკის უდიდესი ელემენტია“, – ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს საკითხებში ექსპერტს, მაქს ფრასს.

Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, ამასთანავე საბჭოთა კაშირის დროს მოსკოვში დიპლომატიური კარიერა ჰქონდა, რაც არ ნიშნავს, რომ ვაშაძე პრორუსული ორიენტაციისაა, თუმცა მისი კავშირები ქართველების ნაწილს აღაშფოთებს.

სტატიის მიხედვით, არჩევნებში ფავორიტი ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილია, რომელიც სავარაუდოდ გაიმარჯვებს.

ზურაბიშვილის განცხადებამ, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან, უთანხმოება გამოიწვია.

„მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი და უხეში გამონათქვამები. ზურაბიშვილისთვის დამახასიათებელია კომენტარები, რომელიც ყოველთვის არ შეესაბამება მთავრობის პოლიტიკას. ზურაბიშვილი სავარაუდოდ მოიგებს და შესაძლოა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილია“, – აცხადებს მაქს ფრასი.

Euronews-ი ყურადღებას ამახვილებს არჩევნების შემდგომ საქართველოს საგარეო კურსის მიმართულებაზე.

სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პერიფერიაზე სხვა ქვეყნები ბრიუსელსა და მოსკოვს შორის გავლენისთვის ბრძოლის ადგილია, საქართველოს ვითარება განსხვავებულია.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვს, თუმცა სრულ წევრობაზე ოფიციალური თხოვნა ჯერ არ წარუდგენია.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, საქართველო ნატო-სკენ და ევროკაშირისკენ კურსს შეცვლის“, – აღნიშნულია სტატიაში.

Euronews-ის სტატიაში საუბარია ოქტომბერში კორუფციულ სქემაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ავტორის აზრით, ბრალდებების დამტკიცებამ შესაძლოა, ზურაბიშვილის პოპულარობაზე იმოქმედოს, რადგან მმართველი პარტიის მიერ არის მხარდაჭერილი.

სტატიაში მოყვანილია ექსპერტ მაქს ფრასის პროგნოზი არჩევნების შემდგომ პერიოდში. ფრასი აცხადებს, რომ ვაშაძის გამარჯვება და სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნება უფრო მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს, რადგან მას ბევრი ოპონენტი ჰყავს, ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში კი ვითარება სავარაუდოდ უფრო სწრაფად დასტაბილურდება.