პარლამენტის ცნობით, ეთნიკური უმცირესობებისთვის ავთენტური გვარის მინიჭებისთვის ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება
ეთნიკური უმცირესობებისთვის ავთენტური გვარის მინიჭებისთვის ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება, – ინფორმაციას ამის შესსახებ საქართველოს პალამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის განხორციელების მიზნით, პარლამენტის წევრების, მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ზაურ დარგალის, სავალ მირზოევის, გოგი მეშველიანის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, ანტონ ობოლაშვილისა და სამველ მანუკიანის ინიციატივით, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მომზადდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში პირველი მოსმენით განიხილა.
„მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აქტიური კომუნიკაცია იყოს. მოხარული ვარ, რომ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს საშუალება მიეცა, კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაგვემართა და განგვეხილა ისეთი კანონპროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ მოსახლეობის წარმომადგენლებს კანონპროექტის მომზადების წინაპირობა და ის მიზნები განუმარტა, რასაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარების შეცვლის იდეა რამდენიმე წლის წინ იეზიდი ეთნიკური უმცირესობების წერილობითი თხოვნის საფუძველზე წარმოიშვა. მისივე თქმით, საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტერესსაც წარმოადგენდა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრისთვის საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს შექმნის ვალდებულება შემოდის. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით, მეცნიერებით, ისტორიკოსებითა და შესაბამისი ექსპერტებით დაკომპლექტებული საბჭო კი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლის გვარებთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის პროცედურებს განსაზღვრავს და, მიზნობრივი ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, გვარების ავთენტურობას დაადგენს. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს კონკრეტულად განუმარტა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დღეს არსებული გვარების შეცვლა და რა მიდგომებსა და პრინციპებს დაეფუძნება აღნიშნული პროცესი.
„ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები გართულდა, მაგრამ, წარმოდგენილი კანონპროექტით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ აღნიშნული ცვლილებების გატარების აუცილებლობა. ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას აქტიური გამოყენება ექნება. ამ ცვლილებებით, პარლამენტი კიდევ ერთხელ აღიარებს და პატივს სცემს თითოეული ეთნიკური უმცირესობის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით, კანონპროექტის მოქმედების ვადად ხუთი წელი განისაზღვრა, თუმცა, თუ როგორ გაგრძელდება სამომავლოდ პროცესი, ეს მექანიზმები კანონპროექტის შემდგომი მოსმენების განხილვისას კიდევ უფრო დეტალურად განისაზღვრება.
კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს. საკითხის განხილვის შემდეგ სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომის დასასრულს მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს მესამე მოსმენით წარდგენილი „გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები გააცნო, რომელთა მიმართაც რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.