ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან ოთხი მედლით დაბრუნდნენ. ირმა ხეცურიანმა ტურნირზე ორი ოქროს, ნინა თიბილაშვილმა კი ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის ფინალში იტალიელ პასკუინოს სძლია ანგარიშით 15:9, რაპით ფარიკაობაში კი ფინალურ დაპირისპირებაში ამერიკელი ელენ გედესი 15:10 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა.
ამავე ტურნირზე ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლა პოლონელ ფრიდრიხთან მოგებით 15:14 დაასრულა, რაპით ფარიკაობაში კი ფრანგ ბრიანა ვიდესს 12:7 სძლია და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
„გაიმართა მსოფლიო თასი იტალიაში, ქალაქ პიზაში, საკმაოდ მასშტაბური და კონკურენტული იყო. ხმალში ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ოქროს ჩემი მხრიდან, თუმცა რაპირაში ამ ეტაპზე მე მოვიაზრები ფავორიტად. არ ველოდებოდი რაპირაში, მაგრამ შევძელით და ოქრო წამოვიღეთ. ასევე, კარგად იასპარეზე ნინა თიბილაშვილმა. რა თქმა უნდა, უკეთესად შეეძლო, თუმცა შემდეგი ეტაპისთვისაც შემოვინახეთ ძალები, რომ გუნდურსაც შევეჭიდოთ ერთად. გვანცა საზდიშვილმაც გადასარევად იფარიკავა, თუმცა ზოგჯერ იღბალი არ არის ხოლმე ჩვენსკენ. ამიტომ დავბრუნდით ორი ოქროთი და ორი ბრინჯაოს მედლით. ვიტყვი, რომ საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი ტურნირი იყო“, – განაცხადა ირმა ხეცურიანმა.
მოფარიკავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა მაისურაძე.
„იტალიის ქალაქ პიზაში გაიმართა მსოფლიო თასი პარაფარიკაობაში. ჩვენმა გოგონების ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა. მოვიპოვეთ ოთხი მედალი – აქედან ორი უმაღლესი სინჯის ოქროს მედალი, ორი კი ბრინჯაოს მედალი. კონკურენცია ძალიან დიდი იყო, თუმცა გოგონებმა დამაჯერებლად იასპარეზეს“, – განაცხადა შალვა მაისურაძემ.