ეტლით ფარიკაობა | ნინო თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი რეპეშაჟში იასპარეზებენ #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი ეტლით მოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდებიან.
ნინო თიბილაშვილმა 3 სექტემბერს ხმლით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამჯერად კი რაპირაში პირველი ბრძოლა დათმო და ასპარეზობას რეპეშაჟში განაგრძობს. თიბილაშვილი მერვედფინალში სამხრეთკორეელ კიეონგ კვონთან 4:15 დამარცხდა და რეპეშაჟში ფრანგ ბრიანა ვიდეს შეხვდება, რომელსაც წინა დღისით მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუგო.
რაც შეეხება ირმა ხეცურიანს, ის მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა იაპონელ ანრი საკურაისთან – 12:15. რეპეშაჟში ირმას მეტოქე ამერიკელი ელენ გიდსი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.