ეთიოპიაში მუსიკოსისა და აქტივისტის მკვლელობის შემდეგ დაწყებული არეულობებისას 160-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
ეთიოპიაში მუსიკოსისა და აქტივისტის მკვლელობის შემდეგ დაწყებული არეულობებისას 160-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ეთიოპიაში ცნობილი მუსიკოსისა და აქტივისტის, ჰაჩალუ ჰუნდესსას მკვლელობის შემდეგ დაწყებული არეულობების დროს 160-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ეთიოპიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეთიოპიაში უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფის – ორომოს წარმომადგენელი, 34 წლის მომღერალი ჰაჩალუ ჰუნდესსა ადის-აბებაში მიმდინარე კვირის დასაწყისში უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ჰაჩალუ ჰუნდესსა მთავრობისამდი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა და ორომოს ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევებზე საუბრობდა.

მუსიკოსისა და აქტივისტის გარდაცვალებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეთნიკური დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციის ინფორმაციით, 155 ადამიანი გარდაცვლილია ორომიას რეგიონში. მათ შორის, 145 სამოქალაქო პირი, 11 კი, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია. ათი ადამიანი გარდაცვლილია დედაქალაქ ადის-აბებაში. ამასთან, სერიოზულად დაშავდა 167 ადამიანი. დაკავებულია ათასზე მეტი პირი. პოლიციაში აცხადებენ, რომ ძალადობა ამჟამად სრულად შეჩერებულია.