ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯეიმს მელვილმა ესტონეთში თანამდებობა დატოვა.
ელჩის გადადგომის მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ დაკოტაში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადება გახდა. ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ისგან სარგებლის მიღებას ცდილობს და ამერიკულ ბანკებზე იერიში მიაქვს.
33-წლიანი დიპლომატიური კარიერის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე დაწერა: „იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სწორ პოზიციაზე იქნება“.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, Foreign Policy წერს, რომ ჯეიმს მელვილისთვის, რომელმაც დიპლომატიური კარიერის მნიშვნელოვანი წლები ევროკავშირის ქვეყნებში გაატარა, კატეგორიულად მიუღებელი იყო ტრამპის კრიტიკული განწყობა ევროგაერთიანების მიმართ.