ესტონეთის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და დასძინა, რომ არაა გამორიცხული, რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის. პევკურმა მაგალითად მოიყვანა უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნა რუმინეთში და რუსული რაკეტების დაფიქსირება პოლონეთის ტერიტორიაზე. ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ესტონეთი აძლიერებს სამხედრო წარმოებას და ზრდის თავდაცვის ხარჯებს, რომელიც მშპ-ის 3%-ზე მეტი იქნება.
„რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და როცა არსებობს საფრთხე, უნდა არსებობდეს ჩვენი პასუხიც. ამ პასუხის ძიებისას უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთადერთი, რაც რუსებს ესმით, არის ძალის ენა“, – განაცხადა პევკურმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.