ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ს არაწევრი ქვეყნებისთვის ძლიერი გზავნილია ერთიანობა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის კალე ლაანეტის განცხადებით, ესტონეთი სამხედრო თუ ჰუმანიტარული მიმართულებით მხარს უჭერს უკრაინას.
როგორც კალე ლაანეტმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე აღნიშნა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა, უნდა იმოქმედონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც შეუძლიათ არასაფრენი ზონის კონტროლი.
„ესტონეთი ყველა გზით უჭერს მხარს უკრაინას, იქნება ეს სამხედრო თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ჩვენ მივიღეთ უკრაინელი ლტოლვილები, 50 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა უკვე. ჩვენ გულით ვესალმებით მათ. ესტონეთის პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა და მოუწოდა მხარდაჭერისკენ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოსაცხადებლად.
რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია. უპირველეს ყოვლისა, უნდა იმოქმედონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც შეუძლიათ არასაფრენი ზონის კონტროლი. მაგალითად, ესტონეთს ამის კონტროლის შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა ჩვენ უნდა მოვძებნოთ კონსენსუსი. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც გავუგზავნეთ ლეტალური დახმარება უკრაინას ომამდე, რადგან დღეს უკრაინა არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ფრონტის წინა ხაზზე. ეს არის მთავარი ღირებულება“, – განაცხადა კალე ლაანეტმა.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე: „დღეს ნატო-ს მინისტრები ასევე ხვდებიან საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებს. რა არის თქვენი გზავნილი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები“, კალე ლაანეტმა განაცხადა, რომ ძლიერი გზავნილია ერთიანობა.
„ერთიანობა, ერთადერთი ძლიერი სიტყვა – ერთიანობა. მჯერა, პუტინისთვის უდიდესი მოულოდნელობა იყო, რომ დასავლეთი არის ასეთი ერთიანი. მას არ სჯეროდა ამის. მას ჰქონდა მცდარი სურათი დასავლური ქვეყნების ურთიერთობებზე“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა:
„როგორც გავიგე, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ ეტაპზე მიაღწევენ წევრობას. შესაძლოა, ის მართალია“, – განაცხადა კალე ლაანეტმა.