ესტონეთის საგარეო უწყება - ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ
ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმედი აქვთ, მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე კომისიის გადაწყვეტილება დადასტურდება.
„ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ. ჩვენ სულ ამის გამყარებას ვცდილობდით. მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრას, სადაც კომისიის გადაწყვეტილება, იმედია, დადასტურდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.