ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-მ უკვე ბევრი გააკეთა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვიდრე უკრაინაში ეს სისასტიკე არ დასრულდება
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-მ უკვე ბევრი გააკეთა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვიდრე უკრაინაში ეს სისასტიკე არ დასრულდება

დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, სადაც ევროპაში უსაფრთხოება დრამატულად შეიცვალა. მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი მკვლელობის ამსახველმა ფოტოებმა, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ, ასევე გავლენა უნდა იქონიოს ჩვენს ქმედებებზე, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა მარია ლიმეტსიმ განაცხადა.

​როგორც მან აღნიშნა, უნდა გაგრძელდეს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გმობა და ყველა პასუხისმგებელი პირი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ იმის დოკუმენტირება, რაც ხდება ადგილზე და რუსეთს პასუხი ვაგებინოთ. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, გავაგრძელოთ დახმარება, რომ დაიცვან თავიანთი ქვეყანა. ნატო-მ უკვე ბევრი გააკეთა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვიდრე უკრაინაში ეს სისასტიკე არ დასრულდება.

ამავდროულად, აქ, ნატო-ში უნდა გავაგრძელოთ ნატო-ს საკუთარი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობის გაძლიერება. აქაც ნატო-მ ბევრი გააკეთა. ჩვენ ესტონეთში ძალიან ვაფასებთ მოკავშირეთა ძალების აღმოსავლეთ ფლანგზე ბოლოდროინდელ განლაგებას. თუმცა, ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებებს უფრო პერმანენტული ხასიათი უნდა ქონდეს, მაგალითად, ნატო-ს მოწინავე განლაგების ნაცვლად, ჩვენს რეგიონში გვჭირდება, რომ გვყავდეს ნატო-ს მოწინავე თავდაცვა. ასევე საჰაერო თავდაცვა, რომ შევძლოთ ევროპის უსაფრთხოების მიმართ რუსეთის საფრთხეების შემდგომი შეკავება, ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების მიმართ საფრთხეების შეკავება და ასევე შევქმნათ უფრო სტაბილური მსოფლიო ამ გარემოში. ძალიან ვაფასებ, რომ ხვალ ჩვენი პარტნიორები შემოუერთდებიან შეხვედრას. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება დემოკრატიულ და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნებთან ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.