ესტონეთის პრემიერი - კარგია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მივიღეთ, მაგრამ უკვე დროა, მეშვიდე პაკეტი განვიხილოთ
კარგია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მივიღეთ, მაგრამ უკვე დროა, მეშვიდე პაკეტი განვიხილოთ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომი არ დასრულებულა და ევროკავშირმა დახმარების ნაწილში, ჯერ საკმარისი არ გაუკეთებია.
„კარგია რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექსვსე პაკეტი მივიღეთ, მაგრამ უკვე დროა მეშვიდე პაკეტი განვიხილოთ, რადგან უკრაინაში სიტუაცია დადებითად არ ვითარდება და ვიდრე ომი გრძელდება, მშვიდობა არ არის. უკრაინას ომი არ მოუგია, ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ უკრაინას ვუბიძგოთ მშვიდობისკენ, თუმცა ეს მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, თუ როგორ მშვიდობაში შეუძლიათ მათ ცხოვრება. ასევე, რაც შეგვიძლია, ჩვენ უნდა გადავცეთ უკრაინას სამხედრო დახმარება, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ. მშვიდობა არ იქნება, ვიდრე ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს დაპყრობილი, დანაშაულები გრძელდება. ჩვენ თუ გვინდა ადამიანების ტანჯვის დასრულება, ჩვენ აგრესორს უკან უნდა დავახევინოთ“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციების შემდეგი პაკეტი უფრო რთული იქნება.
„სანქციების შემდეგი პაკეტები უფრო რთული იქნება, რადგან თუ აქამდე ეს სანქციები აისახებოდა მხოლოდ რუსებზე, ახლა ეს შედეგს იქონიებს ევროპელებზეც. შესაბამისად, პოლიტიკურად ეს უფრო რთული გადასაწყვეტია. ვფიქრობ, რუსული გაზი უნდა იყოს მეშვიდე პაკეტში, მაგრამ რეალურად, არ მგონია, რომ ასე მოხდეს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა მივიღოთ სხვა წყაროებიდან, თუმცა, ჩვენ ნამდვილად გვაღელვებს, რომ რუსეთი უთიშავს გაზს არა მხოლოდ ნიდერლანდებს, არამედ დანიასაც. შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ თავად რუსები დაადებენ სანქციებს ბუნებრივ აირს“, – აღნიშნა კალასმა სანქციების მეშვიდე პაკეტზე საუბრისას.