ესტონეთის პრემიერი - ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს განიხილავს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, იური რატასი, ვარაუდობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს განიხილავს.
რატასის თქმით, წევრი სახელმწიფოები აპირებენ, ბრიტანეთს მიბაძონ და შესაძლოა, რუსი დიპლომატები საკუთარი ქვეყნიდან უკვე მომდევნო კვირას გააძევონ.
გარდა ამისა, გუშინ, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მოსკოვიდან საკუთარ წარმომადგენელს გამოიწვევს.
ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მოსკოვიდან კონსულტაციისთვის დაიბარეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამიტის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ოფიციალური ლონდონის მოსაზრებას, რომ რუსი ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.
დონალდ ტუსკის თქმით, სოლსბერიში მომხდარი ქიმიური იარაღით თავდასხმაზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია.
ამასთან, ტუსკის Twitter-ის გვერდზეც გამოქვეყნდა განცხადება, სადაც წერია, რომ მომხდარს სხვა ახსნა არ აქვს და დამნაშავე, სავარაუდოდ, მოსკოვია.