ესტონეთის პრემიერი - ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება, უკვე დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასში, ყირიმში და ვერ დავუშვებთ კვლავ
ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება, ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა სამჯერ, საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას კვლავ, – როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
ესტონეთის პრემიერმა ისაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე რეაგირებასთან დაკავშირებით ევროპული ერთიანობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება მაღალი ინფლაციისა და ფასების გამო.
„გარდიანის“ ცნობით, კაია კალასმა ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინისთვის კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავლის უზრუნველყოფის მცდელობისთვის.
„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სანქციები ჩვენს მხარესაც აზარალებს. თავდაპირველად, სანქციები რთული იყო მხოლოდ რუსეთისთვის, თუმცა ახლა ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი საკუთარი ქვეყნებისთვისაც და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენი ტკივილის ასატანად ვართ მზად. ეს სხვადასხვაა სხვადასხვა ქვეყნისთვის. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია, სულ უფრო და უფრო რთული ხდება მაღალი ინფლაციისა და ენერგორუსურსების ფასის გამო“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, „გაზი შეიძლება, ძვირი იყოს, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია. თავისუფალ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანები ამას რეალურად ვერ აცნობიერებენ“.
კაია კალასის განცხადებით, ის მოზარდი იყო, როდესაც „რუსეთის ტოტალიტარული ციხიდან გათავისუფლდა“.
„მე ვიცი, რა გრძნობაა ეს და ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება. თუმცა, ეს არ გამოუცდიათ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას. ასე რომ, ღირებულებები შეიძლება, გაქრეს, როგორც კი ტკივილს საკუთარ თავზე იგრძნობთ“, – აღნიშნა მან.
კაია კალასმა გააკრიტიკა ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან საუბრის გამო.
„მე ვერ ვხედავ მასთან საუბრის აზრს. თუ ჩვენ გვსურს, ჩვენი გზავნილი იყოს, რომ ის იზოლირებულია, ის ამისთვის დაუსჯელი არ დარჩება და პასუხს აგებს ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება.
„მე ძალიან მაღელვებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება. ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა სამჯერ, საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას კვლავ“, – განაცხადა კაია კალასმა.
ესტონეთის ლიდერი ასევე გამოეხმაურა მაკრონის განცხადებას იმის შესახებ, რომ პუტინი არ უნდა იყოს დამცირებული.
„პუტინს შეუძლია სახის შენარჩუნება რუსეთში დაბრუნებით, რადგან მისი ძალები სუვერენულ ქვეყანაში იმყოფებიან“, – აღნიშნა ესტონეთის ლიდერმა.