ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ინსტრუქტორების შესაძლო დაღუპვა რუსეთთან ომს ავტომატურად არ გამოიწვევს
უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ინსტრუქტორების შესაძლო დაღუპვა რუსეთთან ომს ავტომატურად არ გამოიწვევს , – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიტანულ „ფაინენშალ თაიმს“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ უნდა ეშინოდეთ უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის, რადგანაც მათი დაღუპვა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს წესდები მეხუთე მუხლი.
„მე ვერ წარმომიდგენია, ვინმე თუ დაშავდება, მაშინ ისინი, ვინც უკრაინაში ეს ხალხი გააგზავნა, იტყვიან, რომ ეს არის ნატო-ს მეხუთე მუხლი, მოდით, დავბომბოთ რუსეთი. ეს ასე არ მუშაობს. ეს არ ხდება ავტომატურად. ამიტომ შიშები უსაფუძვლოა“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკვე წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს უკრაინის ტერიტორიაზე.
„უკრაინის დასახმარებლად ადამიანების გაგზავნისას ხელისუფლებები აცნობიერებენ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ადამიანების იქ გაგზავნით რისკის ზონაში ხვდებიან“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, ესტონელი სამხედროების უკრაინაში გასაგზავნად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.
„ეს ღია საზოგადოებრივი დისკუსიაა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ“ ,- აღნიშნავს კაია კალასი „ფაინენშალ თაიმს“-თან ინტერვიუში.