ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გეგმაში არის დაშვება, რომ რუსეთი ამ ქვეყნების ოკუპაციას 180 დღით მოახდენს, ვიდრე ნატო მათ დაეხმარება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, დასავლეთი არ უნდა შეცდეს უკრაინაში რუსეთის შესაძლებლობების შეფასებისას.
როგორც კალასი „ესოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში ამბობს, რუსეთს ჰყავს უამრავი სამხედრო და მას რესურსი არ ამოუწურავს.
„ჩვენ გვესმის საუბრები, რომ ისინი გამოიფიტნენ. ეს ასე არ არის. ისინი არ ითვლიან დახოცილ ჯარისკაცებს. ისინი არ ითვლიან დაკარგულ არტილერიას. ამიტომ, ჩვენ ისინი სათანადოდ უნდა შევაფასოთ გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კალასმა
ამასთან, მან შეაქო დასავლეთის ერთიანობა, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება დღითიდღე უფრო რთული იქნება.
„ეს ნორმალურია დემოკრატიისთვის. ჩვენ განვიხილავთ, ვდაობთ და მივდივართ გადაწყვეტილებამდე. პუტინისთვის ამ დრომდე ეს ცუდი სიურპრიზია, რომ ჩვენ ერთიანები ვართ“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
კალასი წინააღმდეგია რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების, თუ კიევს ამისთვის ტერიტორიის დათმობა მოუწევს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ იგივე შეცდომა რაც ყირიმში, დონბასსა და საქართველოში“, – განაცხადა კალასმა.
მანამდე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკრიტიკა ესტონეთის დასაცავად შექმნილი ნატო-ს მოქმედი გეგმა. მისი თქმით, ალიანსის ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გეგმაში არის დაშვება, რომ რუსეთი ამ ქვეყნების ოკუპაციას 180 დღით მოახდენს, ვიდრე ნატო მათ დაეხმარება.
„თუ უკრაინას და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიას შევადარებთ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ამ ქვეყნებს განადგურება და რუკიდან წაშლა ელოდებათ“, – განაცხადა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.
აღნიშნული განცხადება კალასმა ნატო-ს მადრიდის სამიტამდე გააკეთა, სადაც ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ამ ქვეყნებში ნატო-ს დამატებითი ძალების მუდმივ განთავსებას მოითხოვენ.