ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ განცხადების პროექტი მოამზადა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, 44 დეპუტატის სახელით, პარლამენტს განსახილველად საქართველოს შესახებ განცხადების პროექტი წარუდგინა.
პროექტში აღნიშნულია, რომ ესტონეთის პარლამენტი გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ქართველი ხალხის აშკარა უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ.
დოკუმენტში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს „ქართული ოცნების“ ხმებით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. დეპუტატების თქმით, კანონი შთაგონებულია რუსეთის ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისთვის იყენებს.
პროექტის განმარტებითი მემორანდუმის თანახმად, ევროკავშირმა, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ განაცხადეს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს, რამდენადაც ის არღვევს კანონის უზენაესობის, კანონიერების და პროპორციულობის პრინციპებს, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
განცხადების პროექტში რიიგიკოგუ (ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო) გმობს „საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და იმაზე უარის თქმას, რაც ევროკავშირთანაა შეთანხმებული. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი“.
„რიიგიკოგუ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ; განახორციელოს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და პირების მიმართ, რომლებმაც ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ; დაიცვან პირობა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაზე და განახორციელონ ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, ვიდრე საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებს დემოკრატიული კრიზისის გადაჭრას, არ დაუბრუნდება ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას, არ გააუქმებს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი. კერძოდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად“.
განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ საჭიროა სამთავრობო სანქციების დაწესება, მათ შორის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა, ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელების, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო ჯგუფისთვის. ესტონეთის პარლამენტი ასევე აღნიშნავს სამთავრობო სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში და საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში და ევროკავშირისთვის შესაბამისი სიის წარდგენას.
განცხადების პროექტში რიიგიკოგუ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაყინვაზე, ვიდრე არ გაუქმდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. „Რიიგიკოგუ პატივისცემას გამოთქვამს მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა კომიტეტი დოკუმენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და კენჭისყრისთვის გაგზავნის საკითხს 4 ივნისს განიხილავს.