ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართეს
საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
მარგუს ცაჰკნამ, თორდის კოლბრუნმა და გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ქართველი ხალხის კანონიერი ადგილი ევროპაშია. მან აღნიშნა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რას მიეკუთვნება და რა ღირებულებებს იზიარებს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნმა აღნიშნა: „ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, თქვენ მარტო არ ხართ, ვიმედოვნებთ, შევძლებთ, საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებას“.
როგორც თორდის კოლბრუნმა განაცხადა, თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესვლის ფასი, არამედ რეალური საფუძველია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად.
ამასთან, როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ, რას ნიშნავს არსებული პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება.
მისივე თქმით, „„ვარდების რევოლუციისას“ ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ, ხუთი თვის შემდეგ შევედით ნატო-ში, ევროკავშირში, ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა“.