ესტონეთი იაპონიისგან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მკურნალობაში გამოსაცდელად პრეპარატ „ავიგანს“ მიიღებს
ესტონეთი იაპონიისგან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მკურნალობაში გამოსაცდელად პრეპარატ „ავიგანს“ მიიღებს

ესტონეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც იაპონიისგან პრეპარატ „ავიგანს“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მკურნალობაში გამოსაცდელად მიიღებს. შესაბამის ინფორმაციას ესტოენთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ესტონეთი იაპონიისგან აღნიშნულ პრეპარატს უფასოდ მიიღებს, სანაცვლოდ ესტონეთმა იაპონიას მედიკამენტის კლინიკური კვლევების შედეგები უნდა გაუზიაროს.

პრეპარატი „ავიგანი“ იაპონიის მიერ 2014 წელს არის დამტკიცებული და ქვეყანაში გრიპის, ასევე სხვა ვირუსული დაავადებების ექსპერიმენტული მკურნალობისთვის გამოიყენება.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მედიკამენტი ქვეყანამ მომავალ კვირაში უნდა მიიღოს.

„ის, რომ ესტონეთი იაპონიისგან პრეპარატ „ავიგანს“ მიიღებს, კრიზისულ სიტუაციაში საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ხუთშაბათს ვესაუბრე იაპონელ კოლეგას და მადლობა გადავუხადე მას“, – განცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.

პანდემიის დაწყებიდან ესტონეთში კორონავირუსის 1 739 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 60 ადამიანი, 1244 კი გამოჯანმრთელდა.