ესტონეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 900 ათას დოზას სხვა ქვეყნებს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს გადასცემს
ესტონეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 900 ათას დოზას სხვა ქვეყნებს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს გადასცემს.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ესტონეთი გადასცემს ვაქცინის ზედმეტ დოზებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ვაქცინის ნაკლებობას განიცდიან ან რომლებსაც ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ.
ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ესტონეთმა იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობის დოზა ჰქონდა დაჯავშნილი.
ესტონეთი „ასტრაზენეკას“ დოზებს სხვადასხვა ქვეყანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა „კოვაქსის“ საშუალებით გადასცემს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კი პირდაპირ გამოუყოფს.