ESPN-ი - როგორ გახდა დიეგო მარადონასა და კვარადონას „ნაპოლი“ ევროპაში საუკეთესო #1TVSPORT
ESPN-ი - როგორ გახდა დიეგო მარადონასა და კვარადონას „ნაპოლი“ ევროპაში საუკეთესო #1TVSPORT

ამ სათაურით გამოაქვეყნა წერილი ESPN-მა „ნაპოლის“ წარმატებაზე, რომელსაც დიეგო მარადონასა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უწოდა.

ნაპოლიმ“ 1989-90 წლების სეზონში, დიეგო მარადონასთან ერთად, ჩემპიონის ტიტული მოიგო. მას შემდეგ გუნდს თითქმის აღარაფერი მოუგია. დიდი ხნის განმავლობაში გულშემატკივარს ერთი კითხვა აწუხებდა, იყო თუ არა მარადონას ეპოქა „სასტიკი ანომალია“, რადგან „იუვენტუსი“, „მილანი“  და „ინტერი“ კვლავ წარმატებულ გუნდებად დარჩნენ, „ნაპოლის“ კი 1990-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებით გაუჭირდა, 1998 წელს ჯერ სერია A-დან გავარდა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც 2004 წელს კლუბი გაკოტრდა და მესამე დივიზიონში დააქვეითეს.

საბოლოოდ, რაღაც საოცრება მოხდა: კლუბი ცნობილმა კინოპროდიუსერმა, აურელიო დე ლაურენტისმა იყიდა, რომლის დაპირება მარტივი იყო – ფინანსური სტაბილურობა და ძველი პოზიციების დაბრუნება: დე ლაურენტისმა კლუბი სერია C-დან დააწინაურა. „ნაპოლი“ ქომაგს გაჭირვების დროს არასდროს მიუტოვებია, პირიქით, მათი სიყვარული კიდევ უფრო გამძაფრდა, სტადიონი ყველა თამაშზე ბოლომდე ივსებოდა და თანდათან კლუბის აღორძინებაც დაიწყო. თუმცა მათი ოცნება, კვლავ გამხდარიყვნენ ჩემპიონები, ოცნებად რჩებოდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ოთხჯერ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

დღევანდელი „ნაპოლი“, რომელსაც ქარიზმატული და ექსცენტრიკული ლუჩანო სპალეტი წვრთნის, ცხრილის სათავეშია და სოლიდური სხვაობით არათუ ლიდერობს სერია A-ს, სრულად დომინირებს ჩემპიონატში. ამავე დროს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება – ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვთ.

„გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მათ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის მიუძღვის. მან და დე ლაურენტისმა გადაწყვიტეს, გუნდის რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელი გაეყიდათ, რაც დიდი რისკი იყო. ლუჩანო სპალეტისთან ერთად შესანიშნავი სამუშაო გასწიეს და ახალი მოთამაშეები მოიყვანეს, რომლებიც ახლა უკვე ბევრად ძვირად ფასობენ იმასთან შედარებით, რაც მათ შესაძენად გადაიხადეს. საბოლოოდ, წარმოუდგენელი გუნდი ჩამოაყალიბეს“, – ამბობს ნეაპოლში დაბადებული ცნობილი ჟურნალისტი და „ტრანსფერების მეფე“ ფაბრიციო რომანო.

„ნაპოლის“ რენესანსი ჭკვიანური „გადატვირთვის“, ბიუჯეტის დაზოგვისა და მოთამაშეთა გონივრული ძიების მაგალითია. შედარებით ასაკოვან მოთამაშეებსა და მათ, ვისაც მაღალი ხელფასები ჰქონდათ (ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი, ფაბიან რუისი, კალიდუ კულიბალი) წასვლის უფლება მისცეს და სანაცვლოდ მოიყვანეს ბევრისგან მივიწყებული და შედარებით უცნობი მოთამაშეები. შესანიშნავი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კი ევროპის თითქმის ყველა ტოპ კლუბისგან იგნორირებული იყო.

ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ დამატებული კვარადონა (ასე ეძახიან ხვიჩას ნეაპოლში) ნამდვილი ჯადოქარია. ის და ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ნებისმიერ მეტოქეს ანადგურებენ. მათ ერთად 28 გოლი და 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდათ. თუმცა, წარმატებაში სხვებმაც დიდი წვლილი შეიტანეს. ეს ყველაფერი სპალეტის დამსახურებაა.

მოკლედ, „სტადიო დიეგო მარადონაზე“ ცეცხლი ისევ დაინთო და „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა იციან, რომ ტიტულამდე ცოტაა დარჩენილი. ამიტომ, აქცენტი ყველა თამაშის მოგებაზე კეთდება. უკვე ზოგიერთი მოთამაშის მიმართ ინტერესი გაჩნდა, განსაკუთრებით, პრემიერლიგიდან. მსოფლიოს უმდიდრესი ლიგის დიდმა გუნდებმა კვარაცხელია და ოსიმენი ზაფხულის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ გაიხადეს, მაგრამ „ნაპოლიში“ ამ საკითხზე საუბარიც არ უნდათ. მოთამაშეებიც ასევე იქცევიან და ცდილობენ, ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანონ.

„შეუძლებელია იმის აღწერა, რა ხდება ახლა „ნაპოლიში“, არ სურთ საუბარი რომელიმე კლუბთან ან აგენტთან. მათ სერია A-ს ტიტული 30 წელიწადზე მეტია არ მოუგიათ, ახლა კი ამის შესაძლებლობა ძალიან დიდია. ქალაქში საოცარი განწყობაა, ფანები ისეთი ზეიმისთვის ემზადებიან, რომლის მსგავსი კლუბის ისტორიაში არავის უნახავს“, – ამბობს ფაბრიციო რომანო.