ესპანური რადიო Cadena SER-ი - ბელინგემის ვარიანტი თუ ჩაიშალა, „რეალი“ კვარაცხელიას ტრანსფერზე გადაერთვება #1TVSPORT
პოპულარული ესპანური რადიოს, Cadena SER-ის ვებგვერდზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალი“ ჯუდ ბელინგემს თუ ვერ დაიმატებს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გადაერთვება, რომლის თამაშსაც მადრიდში ყურადღებით ადევნებენ თვალს.
Cadena SER-ი ესპანეთის მთავარი რადიოქსელია – ყველაზე დიდი ხანია მაუწყებლობს (შეიქმნა 1924 წელს) და ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს (2018 წლის მონაცემებით, 4 139 000).
მადრიდის „რეალში“ ბელინგემის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში, ისინი თვალს კვარაცხელიას ადევნებენ
„მადრიდის „რეალი“ მომავალ სეზონში იმედებს ჯუდ ბელინგემზე ამყარებს, მადრიდელებს სურთ, რომ ყველაფერი აპრილში გაირკვეს. ბელინგემი „სამეფო კლუბის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ თუ ეს ვარიანტი ჩაიშლება, „რეალი“ „ნაპოლისთან“ დაიწყებს მოლაპარაკებას კვარაცხელიას ტრანსფერზე.
იმ შემთხვევაში, თუ ბელინგემის დამატება საბოლოოდ გამოირიცხება, მადრიდელები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გადაერთვებიან, რომლის თამაშსაც ყურადღებით აკვირდებიან – „ნაპოლის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი მადრიდელების შეტევას გააძლიერებს.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი შეასრულა და სერია A-ში ნეაპოლელთა მთავარი მოთამაშეა. 22 წლის ქართველს აქვს ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება, „ბერნაბეუმ“ შეიყვაროს – ის არის ვარსკვლავი, თანაც ახალგაზრდა. გარდა ამისა, ის არ მალავს სიყვარულს მადრიდის „რეალის“ მიმართ, ამასთან ყოფილი მოთამაშეების, გუტისა და კრიშტიანო რონალდოს გულშემატკივარია და გულახდილად ამბობს, რომ „რეალში“ თამაში მისი ოცნებაა.
კვარაცხელია თანამშრომლობს ბრიტანულ საფეხბურთო სააგენტო Base-სთან, მისი აგენტი კრისტიან ემილია, რომელსაც სურს, რომ ქართველი „ნაპოლიდან“ 100 მილიონზე ნაკლებ ფასად წაიყვანოს. მადრიდის „რეალი“ ამ თანხას არ გადაიხდის, „ნიუკასლი“ კი კვარაცხელიას დასამატებლად უკან არაფერზე დაიხევს. თუ „სამეფო კლუბის“ ვარიანტი რეალური იქნება, სააგენტოს პრიორიტეტი სწორედ ეს ტრანსფერი გახდება“, – წერია რადიოს ვებგვერდზე.